“ჩვენი სამართალდამცავები თანამშრომლობენ იმ ქვეყნების სამართალდამცავებთან, სადაც შეიძლება ხარძიანის მკვლელობის შემსრულებლები იყვნენ“

„ბესიკ ხარძიანის საქმის გამოძიება გრძელდება. გამოძიება მკვლელობის მოტივს და დამკვეთს აუცილებლად დაადგენს“,- განცხადება ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ხარძიანების ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ გააკეთა.
რაც შეეხება მკვლელობის შემსრულებლებს, ადვოკატის განცხადებით, მკვლელობის შემსრულებლების ვინაობა, მკვლელობიდან ერთი თვის თავზე გამოძიებისთვის ცნობილი იყო.
„მილიონობით ზარის და ანძების შემოწმების შედეგად დადგინდა, რა მარშრუტით და კომუნიკაციით სარგებლობდნენ კონკრეტული პირები. დადგინდა მათი ჩამოსვლის დრო და კავშირი ჩვენს მოქალაქეებთან, როდესაც მათ შეიძინეს ის ნივთები, რომლებიც კონკრეტული შეკვეთის შესასრულებლად სჭირდებოდათ. გამოძიებისთვის ეს არ არის დიდი დრო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმე შეკვეთილ მკვლელობასთან, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან გვაქვს. სასამართლომ გუშინ გამოძიების მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, რაც გამოძიების მიერ დასახელებული პირების მსჯავრდებულად საცნობად არის საჭირო, დასაშვებად დაუშვა. ისინი აუცილებლად წარდგებიან გამოძიების წინაშე.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს და დამკვეთს, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და საქმის მოტივს და დამკვეთს აუცილებლად დაადგენს“,- განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.
ადვოკატმა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავი შეიკავა იმ ვერსიის დასახელებისგან, რომელზეც გამოძიება მუშაობს.
„ვერსიას ვერ გავაჟღერებ, გეტყვით იმას, რომ არცერთი ვერსია საქმეზე მოხსნილი არ არის. ოჯახი გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია“,- აცხადებს სალაყაია.
მალხაზ სალაყაიამ არ გამორიცხა ისიც, რომ მკვლელობის შემსრულებლებს საქართველოში შესაძლოა, თანამზრახველები ჰყოლოდათ.
„ ისინი ფლობდნენ სახელმძღვანელო დებულებებს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ შესაძლოა, საქართველოში თანამზრახველები ჰყოლოდათ. მათი მოქმედებებიდან კარგად ჩანს, რომ მათ ხარძიანზე ყველაფერი იცოდნენ, იცოდნენ მისი პიროვნება, თუმცა არც ოჯახის წევრების ჩვენებები და არც საქმის გარემოებები არ ადასტურებს იმას, რომ შემსრულებლები ბესო ხარძიანს პირადად იცნობდნენ. აშკარაა ისიც, რომ იარაღით ვერ შემოვიდოდნენ. იარაღი ქართული წარმოების არ არის და გადაკეთების კვალიც ეტყობა“,- აღნიშნა სალაყაიამ.
რაც შეეხება შემსრულებლების დაკავებას, ადვოკატის განცხადებით, ქართველი სამართალდამცავები აქტიურად მუშაობენ, რომ შემსრულებლები უახლოეს ხანებში დაკავებულნი და საქართველოსთვის გადმოცემულნი იყვნენ.
„არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავების იმიჯი საკმარისია იმისთვის, რომ ითანამშრომლოს ყველა ქვეყანამ, სადაც შეიძლება აღნიშნული პირები იყვნენ. ეს თანამშრომლობა მესამე პირების ჩართვის გარეშე სამართალდამცავ ორგანოებთან არსებობს, რომლებიც თანამშრომლობენ პროკურატურასთან და იმ პირებთან, რომელთაც მათი საქართველოში ჩამოყვანა ევალებათ“,- განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები