მამუკა ვასაძეს იმედი აქვს, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მხილებულები ქართული მართლმსაჯულების წინაშე აგებენ პასუხს
მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს, მამუკა ვასაძეს იმედი აქვს, რომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მხილებული ოლეკსანდრ დამეტოვი და ოლეგ დოევი ქართული კანონმდებლობით ქართული მართლმსაჯულების წინაშე აგებენ პასუხს. ამის შესახებ ვასაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დამკვეთების მიმართულებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს და ძალიან მალე მათი ვინაობაც ცნობილი გახდება. „დანაშაულის ჩადენიდან მათ საქართველოს ტერიტორია ძალიან მოკლე დროში დატოვეს. ყველა შესაძლო მტკიცებულება უმოკლეს ვადაში მოვიპოვეთ, თუმცა მათ ძალიან სწრაფად დატოვეს ტერიტორია. გამოძიებამ ინტენსიურად იმუშავა და დანაშაულის ჩადენიდან ერთ თვეში დანაშაული გახსნილი იყო. კონკრეტული პირები ვიცოდით და შესაბამისი ძებნის პროცესიც მიმდინარეობდა. ეს ყველაფერი იყო ზღვა მასალის დამუშავების ფასად“, – განაცხადა ვასაძემ.
მთავარი პროკურორის მოადგილის ინფორმაციით, ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულებმა იარაღი კუსტარული წესით თვითონ გადააკეთეს. „იარაღი საზღვარზე არ შემოუტანიათ, ის საქართველოშია მოპოვებული. ექსპერტიზის დასკვნით, ლულა, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა, კუსტარულად არის დამონტაჟებული ამ იარაღზე. საქმეში არსებული მტკიცებულებებითაც დადგენილია, რომ მაყუჩი, რომელიც ამ იარაღზე იყო დამონტაჟებული, ასევე, კუსტარული წესით არის დამზადებული. ეს იარაღი ცეცხლსასროლი არ იყო და ლულის შეცვლით მოხდა მისი ცეცხლსასროლ იარაღად გადაკეთება. ბრალდებულების ბინის ჩხრეკის შედეგად ამოვიღეთ შესაბამისი ხელსაწყოები, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ამ იარაღის გადასაკეთებლად“,-განაცხადა ვასაძემ.