ანა დოლიძე: ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციით რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეა მოთავსებული
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა, რომლებიც გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა და გამოჯანმრთელება უსურვა.
ანა დოლიძის განცხადებით, სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი ჯარისკაცების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად ძალიან მნიშვნელოვანია სწორი და დროული ინფორმაციის ფლობა, შესაბამისად, ჩვენთვის აუცილებელია, რომ უშუალოდ გავეცნოთ ინფექციურ განყოფილებაში არსებულ ვითარებას, თუ რა მდგომარეობაში არიან ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები. ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციით რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეა მოთავსებული. ისინი თავს უკვე კარგად გრძნობენ. მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ ჰოსპიტალიდან ეწერებიან და სამსახურს უბრუნდებიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უშუალოდ ვიყოთ ჩართულნი ამ პროცესებში და გავაკონტროლოთ სამხედრო ჰოსპიტალში არსებული ვითარება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.