მართვის მოწმობაზე ქულების ჩამოკლება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გზით მოხდება
ქულების ჩამოკლება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გზით მოხდება, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განაცხადა.
შალვა ხუციშვილის განმარტებით, მართვის მოწმობაზე ქულების დაკლება საპატრულო პოლიციელის გადაწყვეტილებაზე არ იქნება დამოკიდებული.
“საპატრულო პოლიციელმა შეიძლება არ იცოდეს, რამდენი ქულა აქვს მძღოლს დარჩენილი. იმისთვის, რომ საპატრულო პოლიციელისთვის დამატებითი უფლებამოსილების მიცემა თავიდან ავირიდოთ, მას შემდეგ, რაც მძღოლს პოლიციელი დააჯარიმებს და მოქალაქე არ გაასაჩივრებს, მას შემდეგ, რაც ჯარიმა კანონიერ ძალაში შევა, ქვითარი მომსახურების სააგენტოს ეგზავნება და ქულების ჩამოკლება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გზით მოხდება”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.