ხარძიანების ადვოკატი დარწმუნებულია, რომ გამოძიება მკვლელობის დამკვეთსაც დაადგენს

ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ გამოძიება დამკვეთამდე ისევე წარმატებულად მივა, როგორც ეს საქმე გამოიძია ამ ეტაპამდე.
როგორც „კვირას“ ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ განუცხადა, პროკურატურის გამომძიებლებმა მაქსიმალურად იმუშავეს და, შესაბამისად, მყარად გაჯერებული მტკიცებულები დადეს.
მისი თქმით, გამოძიებამ ამ დროისათვის ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებული პირების ვინაობები დაადგინა. თუმცა, ადვოკატი იმედოვნებს, რომ გამოძიება მკვლელობის შემკვეთსაც დაადგენს.
„პროკურატურის მიერ დანაშაულის ჩამდენი პირები დადგინდა. ოჯახი ენდობა გამოძიების მიერ ჩატარებულ შედეგებს. პროკურატურის საქმიანობას დადებითად და ცოტა მეტადაც შევაფასებდი. მე მედიაში ყოველთვის ვამბობდი, რომ აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გასწიეს უამრავი საქმე. მთელი უძილო ღამეების შედეგად დადეს, ის რაც დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა. გამოძიება კვლავ აგრძელებს მუშაობას“, – აცხადებს მალხაზ სალაყაია.
ადვოკატს მიაჩნია, რომ 21-ე სააუკუნეში სამართლდამცველებს შესწევთ უნარი, რომ შეკვეთილ მკვლელობაში მხილებული პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.
„დღეს 21-ე საუკუნეა და საქართველოს მთავარ პროკურატურას და სამართალდამცველებს შესწევთ უნარი, რომ ბრალდებული პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. გამოძიების შემდგომი ეტაპი სასამართლო იქნება. არსებობს ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი, ეს საკმარისია იმისათვის, რომ ითანამშრომლოს სხვა ქვეყნებთანაც, ჩაერთვება ინტერპოლიც. ამით არ დასრულებულა გამოძიება და დამკვეთის ვინაობაც დადგინდება. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დამკვეთამდე ისე წარმატებულად მივა, როგორც ეს საქმე გამოიძია ამ ეტაპამდე“, – აღნიშნა ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წლის 28 მარტს მომხდარი ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობა გახსნა. მთავარი პროკურატურისა და შს სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ხარძიანის მკვლელობაში მხილებულნი არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.
დღეს საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც პროკურატურამ საქმის მასალების 9 ტომი წარადგინა. ცხრავე ტომი სასამართლომ დასაშვებად ცნო და საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები