„ვეტერანთა ჰოსპიტალს ლიცენზია არ გააჩნია, მაგრამ ყველა ვეტერანი სხვადასხვა კლინიკის მომსახურებით სრულად უზრუნველყოფილია“

ვეტარანთა ჰოსპიტალის გარშემო არსებული პრობლემების გამო, ვეტერანები ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის გარეშე არ რჩებიან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ვოლსკის განმარტებით, ჰოსპიტალში არსებული სავალალო მდგომარეობის გამო, მას ლიცენზია არ აქვს, თუმცა ვეტერანთა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის თანხები გამოყოფილია და ისინი ამ მომსახურებებს საჭიროებისამებრ სხვადასხვა კლინიკაში იღებენ.
ლიცენზიის არქონის გამო, ჰოსპიტალს სახელმწიფოსგან ყოველწლიური დაფინანსებაც შეუჩერდა, თუმცა, როგორც დეპუტატმა განმარტა, მათ სახელმწიფო საშუალებას აძლევს, დროებით, სანამ ახალი ჰოსპიტალი აშენდება, იქირავონ რაიმე შენობა, სახელმწიფო მასში ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, რის შემდეგაც ვეტერანთა ჰოსპიტალს ლიცენზიაც აღუდგება.
„ჰოსპიტალისთვის სახელმწიფო ყოველწლიურად გამოყოფდა 800 000 ლარს, მათ შორის 300 000 პერსონალისათვის იხარჯებოდა, ხელფასების სახით, თუმცა მათ ძალიან დაბალი ხელფასები ჰქონდათ. დანარჩენი კომუნალურ მომსახურებაში მიდიოდა, ვინაიდან არაფერი მუშაობს, გათბობის სისტემა არ არის და დენით თბება, მოშლილია წყალმომარაგება… რაც მთავარია, თვითონ შენობა არის სიცოცხლისთვის საშიში. იქ შესვლა, მკურნალობა და ხარისხიანი მომსახურების მიღება შეუძლებელია. ეს არის ერთი თემა და ეს თემა კატეგორიულად უნდა გავმიჯნოთ იმისაგან, რასაც ჰქვია სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მხრივ ვეტარანის მომსახურება. ყველა ვეტერანი მომსახურებით უზრუნველყოფილია, მაგრამ – არა ამ ჰოსპიტალში. ამ ჰოსპიტალს ლიცენზია არ გააჩნია. ტენდერში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ამ ჰოსპიტალს, რომელსაც ამ მიზეზების გამო არა აქვს ლიცენზია, სახელმწიფო სთავაზობს, რომ თუ გადაიხდიან თანხას, მოუწესრიგებენ ნებისმიერ ფართობს, რომელსაც ისინი დაიქირავებენ მანამდე, სანამ აშენდება ახალი ჰოსპიტალი. მიიღებს ლიცენზიას და  ისევ ჩადგება ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების რიგებში. ვეტერანთა მომსახურების თემა და ჰოსპიტალის საკითხი ერთმანეთისგან გამიჯნულია.
სახელმწიფოს, უბრალოდ ლიცენზიის არქონის გამო, აღარ აქვს შესაძლებლობა, რაიმე ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს ჰოსპიტალს. პრემიერი უნდა იყოს ადამიანი, ვინც ამ თემას კურირებას გაუწევს. ვეტერანი ხარისხიან, შეუდარებლად უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებას ნებისმიერ სხვა ჰოსპიტალში იღებს იმ პროფილის მიხედვით, რა პრობლემაც აწუხებს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები