მანქანის მართვის დროს ტელეფონზე საუბრისას მძღოლები, 10 ლარის ნაცვლად, 30 ლარით დაჯარიმდებიან

საგზაო მოძრაობის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები რიგ დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური საშუალებით სარგებლობისთვის დაწესებული ჯარიმა და შესაბამისი ადმინისტრაციული სანქცია, 10 ლარის ნაცვლად, 30 ლარი იქნება.
ძალაში რჩება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლისთვის ავტომანქანის მართვის მოწმობის 6 თვით შეჩერება, თუმცა მართვის უფლების აკრძალვის ჯარიმით შეცვლის წესი იცვლება. კერძოდ, თუკი ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, მოქალაქეს შეუძლია, მართვის უფლების აკრძალვის მეორე დღიდანვე მისი ჯარიმით შეცვლა მოითხოვოს, პარლამენტში ინიცირებული პროექტით, პირს ასეთი უფლება მხოლოდ 3 თვის გასვლის შემდეგ ექნება. ასევე, პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე, წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – 300 ლარის ოდენობით.
მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მძღოლის მიერ ქვეითად მოსიარულეებთან მიმართებაში წესების დარღვევაზე – პირველი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იქნება – 40 ლარი, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი – 150 ლარი. პარლამენტი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დაწყებისთვის ემზადება. ამ თემაზე პირველი საკომიტეტო სხდომა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დანიშნა, რომელიც 21 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები