“ქვეყანამ, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულია ძლიერი მეზობლის მიერ, წარმატებულ შედეგებს მაინც მიაღწია”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დემოკრატიის განვითარებისა და ეფექტიანი სახელმწიფო მართვის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის, სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორი ფრენსის ფუკუიამა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა პროფესორ ფრენსის ფუკუიამას ჯილდო სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა და ეკონომიკური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართულ “ლიდერთა ფორუმის” დებატებზე გადასცა, რომელიც დემოკრატიის განვითარების გზებს მიეძღვნა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, “ლიდერთა ფორუმი” დემოკრატიის, სწორი მმართველობის მიმართულებით ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან საქართველოს კულტურული და პოლიტიკური კავშირებისა და ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, წელს საქართველოს ახალი დამოუკიდებლობის 25 წლისთავია, რადგან ქართველი ერი თითქმის 3 000 წლის ისტორიას ითვლის.
„წელს, ჩვენი ახალი სახელმწიფოს 25 წლის იუბილეა და ნათლად ვხედავთ, რომ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას სისტემისგან, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. დავიწყეთ არსებობა, როგორც ახალმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ და ძალიან ბევრია მისაღწევი, რომ რეალურად თავისუფლები გავხდეთ. თავისუფლება გულისხმობს იდენტიფიკაციას საკუთარ ღირებულებებთან, საკუთარ მისწრაფებასთან და გულისხმობს ისეთი სახელმწიფოს შენებას, რომლის ჩამოყალიბებაც ერის არჩევანია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით, ქვეყანას გრძელი გზა აქვს გასავლელი, რომელიც ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი, რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის.
„ეს არის გზა, რომელიც ერთი გამოსავალია და რომელიც შეგვიძლია დემოკრატიული განვითარებით მივიღოთ, რადგან დემოკრატია ნიშნავს ზუსტად იგივეს, რასაც თავისუფლება – მოუსმინო საკუთარ ხალხს და საკუთარ საზოგადოებასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება. დროდადრო ჩვენი არჩევანი გამოწვევის წინაშე დგება მეზობლების, იმ პრობლემებისა და კონფლიქტების გამო, რომლებიც ამჯერად კიდევ უფრო რთულდება ჩვენს სამეზობლოში – იქნება ეს კონფლიქტი უკრაინაში, თუ სირთულეები სირიაში“, – განმარტა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, 25 წლის განმავლობაში საქართველომ დიდ მიზნებსა და შესანიშნავ შედეგებს მიაღწია.
„ქვეყანამ, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულია ძალიან ძლიერი მეზობლის მიერ, რომელსაც პრობლემები აქვს იძულებით გადაადგილებულ პირებთან და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის გზაზე წარმატებულ შედეგებს მაინც მიაღწია და თითოეული ჩვენგანი ამ გზის განვითარებისა და გაძლიერების ერთგული ვართ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
2016 წლის თბილისის ლიდერთა ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და დიპლომატიური კორპუსი, სამოქალაქო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები