თეა წულუკიანი და იანოშ ჰერმანი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის საჯარო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დღეს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის პირველ საჯარო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ცნობით, პროექტი “საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება” ევროკავშირის მიერ ფინანსდება და მისი მიზანია, საქართველოს მთავრობას და სხვა სახელმწიფო უწყებებს საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებაში ხელი შეუწყოს. პროგრამის ფარგლებში უცხოელი ექსპერტები სახელმწიფო სტრუქტურებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაში მეთოდოლოგიურად დაეხმარებიან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული კანონმდებლობის დაახლეობას საერთაშორისო სამართალთან და ქვეყნის მიერ არსებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას, საჯარო კონსულტაციების მექანიზმის გაფართოებას საკანონმდებლო საქმიანობაში.
პროექტის ბიუჯეტი 1.7 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამა 2015 წლის 27 აპრილს დაიწყო და 2017 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები