ზვიად კვაჭანტირაძე: დადგება დრო, როცა დავინტერესდებით, თუ რა პროგრესი გვაქვს სამართლებრივი მიმართულებით

ალბათ პრეზიდენტსაც უპასუხებენ და არც ჩვენთვის იქნება ინფორმაცია დამალული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, რომელმაც სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებულ საქმეებზე ინფორმაციის მიღების მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მთავარ პროკურატურაში წერილის გაგზავნის საკითხი შეაფასა.
კვაჭანტირაძის თქმით, შექმნილია ახალი დეპარტამენტი, რომელიც ხარისხობრივად და რიცხობრივად უნდა გაძლიერდეს.
“როდესაც პარლამენტში მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძეს ვამტკიცებდით, მან წარმოადგინა პროგრამა, სადაც იგულიხმებოდა მუშაობის გაძლიერება ინსტიტუციონალური თვალსაზრისით, მათ შორის გახმაურებელი საქმეების, სამართლიანობის აღდგენის პროცესის ხელშესაწყობად. შექმნილია ახალი დეპარტამენტი და შოთაძის გადაწყვეტილებაა, რომ ეს დეპარტამენტი ხარისხობრივად და რიცხობრივად გაძლიერდეს. ამ ეტაპზე მე კითხვები არ მაქვს, მაგრამ დადგება დრო, როცა ჩვენც დავინტერესდებით, თუ რა პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით. ამ პერიოდში ალბათ პრეზიდენტსაც უპასუხებენ და არც ჩვენთვის იქნება ინფორმაცია დამალული”, – აცხადებს კვაჭანტირაძე.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ის წერილი გაასაჯაროვა, რომლითაც პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ საქართველოს პროკურატურას მიმართა. წერილში კახა კოჟორიძის მხრიდან მთავარი პროკურორის სახელზე 6 კითხვაა დასმული, მათ შორის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენებიდან რამდენ პირს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, თითოეულ შემთხვევაში რა სასჯელზე მოხდა შეთანხმება და რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ათასობით აღმოჩენილ უკანონო, ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები