საქართველოში წარმოებული მინის პროდუქცია იტალიაში ექსპორტზე გადის

საქართველოში წარმოებული 13 სხვადასხვა დასახელების მინის პროდუქცია იტალიაში ექსპორტზე გადის.
როგორც „კვირას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ამ მიზნით, ქსნის მინის ტარის ქარხანაში ჩამოსულია მსხვილი იტალიური კონცერნის Societa di Santa Aerallba-ის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ქართულ საწარმოში ხარისხის კონტროლის და წარმოების პროცესის ჰარმონიზაციის მონიტორინგს აწარმოებს.
საწყის ეტაპზე, იტალიის ბაზარზე, ჯამურად, 25 მილიონი ბოთლის ტრანსპორტირება იგეგმება, სამომავლო მიზანი კი ამ მაჩვენებლის გაზრდაა.
ქსნის მინის ტარის ქარხანას დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი ეწვია. მან ქართული საწარმო დაათვალიერა, საწარმოს ხელმძღვანელებს გაესაუბრა, მათგან ინფორმაცია მოისმინა კომპანიის განვითარების შესახებ და იტალიური კომპანიის წარმომადგენლების მოსაზრება ქსნის მინის ტარის ქარხანაში წარმოებულ პროდუქციაზე.
ქსნის მინის ტარის ქარხნის მფლობელ კომპანიას სს „მინას“ იტალიურმა კონცერნმა Societa di Santa Aerallba-მ, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სასმელი წყლის წარმოებაა, ქართულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება. უწყების ინფორმაციით, იტალიაში ექსპორტისთვის შეიქმნა რამდენიმე საგანგებო ფორმის, მასალისა და ფერის ბოთლი, რომელიც ექსკლუზიურად დამზადდა. მინის ნაწარმის დიზაინის შექმნაში მონაწილეობდნენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი პროფესიონალები. ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნულს ხელი შეუწყო ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ ევროკავშირთან.
„როგორც იცით, ასოცირების ფარგლებში ჩვენ გაგვაჩნია თავისუფალი და ყოვლისმომცველი სავაჭრო რეჟიმი ევროპასთან. ეს სწორედ ის მაგალითია, რომლის შედეგსაც ჩვენ ველოდებით. კიდევ უფრო მეტ მეწარმეს შეეძლება, სათანადო ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს,“ – აღნიშნა ქეთევან ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, სს „მინის“ პროდუქცია ექსპორტზე თურქეთსა და აზერბაიჯანშიც გადის. ქართული მინის კომპანიაში ამჟამად 280 ადამიანი მუშაობს და საქართველოს და საექსპორტო ბაზრისთვის 60 ტონაზე მეტ პროდუქციას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები