დავით უსუფაშვილი: რუსეთიდან საქართველო გაზს ყოველთვის იღებდა
„გაზპრომის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთიდან საქართველო გაზს ყოველთვის იღებდა.
მისი თქმით, დღეს ძალიან ბევრი ისე ხატავს სიტუაციას, თითქოს “გაზპრომთან“ მოლაპარაკებები ახლა დაიწყო.
“საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს საკუთრებაში არსებულ მილსადენში, რომელიც მოხერხდა და თავის დროზე არ მიეყიდა რუსეთს, რაზეც რამდენიმე წლის წინ წინა ხელისუფლება საუბრობდა, გადის გაზი. ეს გაზი სომხეთს მიეწოდება. ამასობაში, ამ გაზის ოპერირების პირობები, საქართველოს მიერ ტრანზიტის საფასურის მიღების ვადები და პირობები აუცილებლად მოსალაპარაკებელია, ამიტომ მოლაპარაკების ფაქტში რა სიახლე და პრობლემაა, მე ეს არ მესმის”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა, არცერთ ექსპერტს არ უთქვამს, რომ საქართველომ რუსული გაზი არ უნდა მიღოს.
“ეს არ არის ახალი გაზი – აქ შეიძლება იყოს ცოტა მეტი, ან ცოტა ნაკლები გაზი, მაგრამ რუსეთიდან გაზს ჩვენ ყოველთვის ვიღებდით. არცერთ ექსპერტს, ჟურნალისტს, წინა მთავრობის წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ჩვენ რუსული გაზი არ უნდა მივიღოთ.
2011, 2010, 2009, 2008 წელს რუსული გაზი არავის ჩაუკეტავს და არ უთქვამს, რომ ჩვენს ენერგოსისტემაში იმდენად ბევრი გაზია, რომ ის საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ხვალაც და ზეგაც. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი და პარტნიორი იყო და რჩება აზერბაიჯანი.
რაც შეეხება დამატებით სარეზერვო საშუალებებს, იქნება ის თურქეთიდან, ირანიდან თუ რომელიმე სხვა ქვეყნიდან, ეს შესაძლებლობები და ვარიანტები საქართველოს უნდა ჰქონდეს”, – დასძინა დავით უსუფაშვილმა.