“ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა ახალ სახელფასო სისტემას”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ახალი სახელფასო სისტემა ითვალისწინებს იმას, რომ ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში მწვრთნელების ხელფასები გარკვეული პროცენტით შემცირდეს. მისი თქმით, დაწესდება ახალი, მაღალი საჰონორარო სისტემა, რომელსაც მწვრთნელი მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც მიიღებს.
მისივე განმარტებით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა ახალ სახელფასო სისტემას, თუმცა ფედერაცია მას სრულ ნდობას უცხადებს და სურს, რომ ცხადაძემ თანამდებობაზე მუშაობა გააგრძელოს.
“ახალი სახელფასო სისტემა ითვალისწინებს იმას, რომ ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში მწვრთნელების ხელფასები გარკვეული პროცენტით შემცირდეს, თუმცა დაწესდება ახალი, მაღალი საჰონორარო სისტემა, რომელსაც მწვრთნელი მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც მიიღებს. ეს იდეა მოიწონა აღმასკომმაც. ახალი სისტემა ორიენტირებულია შედეგზე. კახა ცხადაძის შემთხვევაში ეროვნული ნაკრების მიზანია, რომ მომდევნო შესარჩევ ეტაპზე გუნდმა ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი დაიკავოს. მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც, ანუ თუ გუნდი მესამე ადგილზე გავა, მაღალი ჰონორარით ისარგებლებენ მწვრთნელები. ეს სისტემა გავაცანით თავად კახასაც და ველოდებით მის პასუხს. იმედი გვაქვს, რომ ახალ სისტემას გაიზიარებს. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კახას. გვჭირდება, რომ იყოს ჩვენთან და იდგეს ჩვენ გვერდით, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია”, – განაცხადა კობიაშვილმა.
ამასთან, როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, 17- წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვასილ მაისურაძე დაინიშნა, ხოლო 19- წლამდელთა ნაკრებს გიორგი ყიფიანი უხელმძღვანელებს, რაც შეეხება 21 -წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას, ამ დრომდე ვაკანტურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები