“სოკარმა” შესაძლოა, საქართველოს გაზის მიწოდება 7 მილიონ კუბურ მეტრამდე გაუზარდოს
“სოკარმა” შესაძლოა, საქართველოს გაზის მიწოდება 7 მილიონ კუბურ მეტრამდე გაუზარდოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში “სოკარის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმა მთავრობის კანცელარიაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ არსებული გაზის დეფიციტი შეივსოს და საქართველოში გაზის მიწოდება გაიზარდოს.
„ძირითადად, განვიხილეთ გაზის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობები პიკურ, ზამთრის პერიოდში, რადგან ზამთარში გაზის მოხმარება იზრდება და ეს პროგნოზირებადია. ძირითადად, განიხილებოდა, როგორ შეიძლება, ტექნიკური შესაძლებლობებით, არსებული გაზის დეფიციტი შევავსოთ. შევთანხმდით, რომ ჩვენი ექსპერტების ჯგუფი ამ საკითხზე იმუშავებს და ეს შესაძლებლობები მომავალშიც გაიზრდება. ჩვენ, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ვზრდით გაზის მიწოდებას.
შევეცდებით, 7 მილიონ კუბურ მეტრამდე გავზარდოთ მიწოდება. ასევე, ვეძებთ შესაძლებლობებს, ზამთრის პერიოდში, როდესაც გაზის მოხმარება იზრდება, თუ როგორ შევავსოთ მოთხოვნა ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობებით.
მაგალითად, შეიძლება ეს, ძირითადად, პროპორციის მიწოდების გაზრდით მოხდეს, ასევე – გაზის მიწოდებით, ზამთარ-ზაფხულის პერიოდში “შაჰდენიზი 1″-ის ფაზის ფარგლებში. გვინდა, რომ ზამთრის პერიოდში წნევა გავზარდოთ. რადგანაც, „სოკარი“ ამ მილსადენის კომერციული ოპერატორია, ეს შესაძლებლობა ჩვენ დღეისთვის გვაქვს”, – განაცხადა მამედოვმა.
ამასთან, მამედოვის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს გეგმები განიხილეს, რომელსაც “სოკარი” მხარს უჭერს და მიესალმება.
“ჩვენ, ასევე განვიხილეთ საქართველოს გეგმები, რომელსაც, ძირითადად, მივესალმებით და მხარს ვუჭერთ და რომელიც ეხება გაზსაცავის მშენებლობას საქართველოში. ამ პროექტში, საქართველოს მთავრობასთან უკვე არსებული შეთანხმებით, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ. ჩვენი თანამშრომლობის ფორმატი და კონტურები დამატებით ჩამოყალიბდება, თუმცა დღეს, უკვე გვაქვს მხარეებს შორის თანხმობა, რომ ეს გავაკეთოთ ერთობლივად“, – განაცხადა მამედოვმა.