ირაკლი შოთაძე: იმედია, ბოლოს და ბოლოს, ელისაშვილი იმ პირის ვინაობას დაასახელებს, ვინც ინფორმაცია მიაწოდა

“იმედია, ბოლოს და ბოლოს, ელისაშვილი იმ პირის ვინაობას დაასახელებს, ვინც კორუფციული გარიგებების შესახებ მას ინფორმაცია მიაწოდა,” – აღნიშნული განცხადება მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, არც ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი და არც მისი მაოდგილე გიორგი გოგაძე ელისაშვილთან შეხვედრას არ უარყოფენ. მათ თქვეს, რომ შეხვედრა შედგა, მაგრამ შეწყალების კომისიის საქმეზე საუბარი არ ყოფილა.
„არც გიორგი ბადაშვილი და არც გიორგი გოგაძე შეხვედრის ფაქტს არ უარყოფენ. შესაბამისად, ამ ჩანაწერებით რატომ ხდება სპეკულირება, ჩემთვის გაუგებარია.
მათ დაადასტურეს, რომ მათ შორის შეხვედრა, მართლაც, გაიმართა, თუმცა ამ შეხვედრისას საუბარი არ ყოფილა შეწყალების კომისიის საქმიანობაზე და იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ამ უწყების საქმიანობას თან ახლავს.
ეს ფაქტები გამოკვლეულია. სამწუხაროდ, პროკურატურას იმის რესურსი არ აქვს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ასეულობით კამერის ჩანაწერი შეინახოს.
მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ალეკო ელისაშვილი ბოლოს და ბოლოს დაასახელებს იმ პირის ვინაობას, რომელმაც, მისი სიტყვებით, მას მიაწოდა ინფორმაცია კორუფციული დანაშაულის შესახებ“,-აღნიშნა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები