დიმიტრი ქუმსიშვილი: მე მჯერა ქართველი ბიზნესმენების
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამთავრობო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გახსნილი საწარმო დაათვალიერა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ჯორჯიან პროდაქტის“ მიერ წარმოებული პროდუქცია მთლიანად ორიენტირებულია ევროკავშირის ბაზარზე და ქართული წარმოების აღმნიშვნელი წარწერით; Made in Georgia გადის, რაც ხელს უწყობს, ზოგადად, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.
კომპანია „ჯორჯიან პროდაქტი“, რომელიც ცხოველთა ავეჯს აწარმოებს, პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით სარგებლობს. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 2 500 000 აშშ დოლარს შეადგენს. შპს „ჯორჯიან პროდაქტს“ დღეისთვის საწარმოში 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, საწარმო ამ ეტაპზე 25 სახეობის პროდუქციას აწარმოებს, თუმცა, მომავალში საწარმოო სიმძლავრის გაზრდა იგეგმება. „ჯორჯიან პროდაქტს“ პროდუქცია დასავლეთ ევროპაში შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით შეაქვს. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიის მუშაობა სამაგალითოა.
„ეს არის მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან ქართული კომპანიების სასარგებლოდ. ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი“, – განაცხადა მინისტრმა.
უწყების ხელმძღვანელმა ქართველ ბიზნესმენებს ადამიანების დასაქმებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე მჯერა ქართველი ბიზნესმენებისა. მათ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ისინი ქმნიან დოვლათს და ადამიანებს ასაქმებენ“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 139 პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 360 მლნ. ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში დასაქმდება 6,800 ადამიანი.