„ტრადიციული საფეხბურთო სკოლები უნდა აღდგეს და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები ეტაპობრივად მოისპოს“

თბილისის საკრებულოს წევრი მანუჩარ მაჩაიძე, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ჯიქიას ქუჩაზე სპორტული სკოლის დანგრევის ფაქტს გამოეხმაურა. მაჩაიძის თქმით, ძალიან ცუდია, რომ სკოლა დაინგრა, თუმცა, მისივე აზრით, ამას დადებითი მხარეც აქვს. დეპუტატის განმარტებით, სკოლას ხელოვნურსაფარიანი მოედანი ჰქონდა, რომელიც არათუ ავითარებს ფეხბურთს, არამედ ხელს უშლის მის განვითარებას.
საკრებულოს დეპუტატი და ვეტერანი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ძველ უბნებში ტრადიციული საფეხბურთო სკოლები აღდგეს და მერიამ თბილისის ყველა რაიონში 1 ან 1,5 ჰექტარი უნდა გამოყოს იმისთვის, რომ მასზე მიწის სტადიონები აშენდეს.
„ძალიან ცუდია, რომ 350 ბავშვს აღარ აქვს ვარჯიშის საშუალება და სკოლა დაიშალა, მაგრამ ამ სკოლას ჰქონდა ხელოვნური საფარი, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას ხელს უშლის.  სკოლის დაშლისა და დანგრევის საკითხი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გადაწყდა, როცა თბილისი მერის მოადგილემ – აბესაძემ ინვესტორს მისცა თანხმობა, რომ ეს სტადიონი დაეშალა. წინა ხელისუფლების დროს გაცემულ თანხმობას დღეს მოქმედი ხელისუფლება ვერ შეცვლიდა. ხელოვნურმა სტადიონებმა ხელი შეუწყო ქართული ფეხბურთის დეგრადაციას. არ ვიცი, ვინ მფარველობს საქართველოში ხელოვნურსაფარიან მოედნებს, მაგრამ აშკარად ძალიან იმატა მათმა რიცხვმა საქართველოში. ეს საშიშია ჯანმრთელობისთვის, ხელოვნურ საფარზე თამაშისას სხვა კუნთი მუშაობს და მიწაზე კი – სხვა კუნთი. ხელოვნურსაფარიანი სტადიონები ეტაპობრივად უნდა მოისპოს. მერიამ თბილისის ყველა რაიონში 1 ან 1,5 ჰექტარი უნდა გამოყოს იმისთვის, რომ მასზე მიწის სტადიონები აშენდეს. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ განადგურდა ძველ უბნებში არსებული საფეხბურთო სკოლები, ამის გამო ბავშვები ფეხბურთზე ვეღარ დადიან. აუცილებელია ძველ უბნებში, ტრადიციული საფეხბურთო სკოლები აღდგეს“, – განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები