ჰუსეინოვი ადასტურებს, რომ აბაშიძეების ოჯახისგან შეძენილი ენტონი ვან დეიკის ტილო თურქეთში გაიტანა

ზაჰირ ჰუსეინოვი ადასტურებს, რომ აბაშიძეების ოჯახისგან შეძენილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ტილო თურქეთში გაიტანა, თუმცა აცხადებს, რომ ნახატის საზღვარზე გადატანის დროს ყველა დოკუმენტი თან ჰქონდა და საქართველოდან მისი გატანა ლეგალურად მოხდა.
“მე და ჩემმა მეგობარმა მალხაზ მახარაძემ სურათი აბაშიძეებისაგან ყველა წესის დაცვით შევიძინეთ. მოგვიანებით კი დოკუმენტაციის გასაფორმებლად სურათი კულტურის სამინისტროში, შესაბამის პირებს ვაჩვენეთ. უწყებაში ფერწერული ტილო 5 000 ლარად შეაფასეს, თუმცა ავტორის დადგენა ვერ მოხერხდა. სამინისტროში გვითხრეს, რომ საქმე საკმაოდ ძველ ნამუშევართან გვქონდა. ტილოს საზღვარზე გადატანის დროს ყველა დოკუმენტი თან გვქონდა და საქართველოდან მისი გატანა ლეგალურად მოხდა. თავდაპირველად სურათი სამსუნში, ჩვენს მეგობართან დავტოვეთ, თუმცა როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ოჯახიდან ტილო ჩემი მეგობრის შვილმა მოიპარა. ადგილობრივ პროკურატურაში ეს ფაქტი გავასაჩივრეთ, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. მეც დაზარალებული ვარ, რადგან სურათის საფასური ჩემთვის არავის გადაუხდია. ჩემთვის არც საგამოძიებო უწყებას და არც სხვა პირებს არ მოუმართავთ”, – განუცხადა ზაჰირ ჰუსეინოვმა “რუსთავი 2”-ს.
სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში, სავარაუდოდ, რუსეთიდან შემოიტანეს, რუსეთში კი – ევროპიდან. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა, რომლებიც დაკავებულები არიან.
ეკა აბაშიძის თქმით, ნახატი მისმა ძმამ გიორგი აბაშიძემ ვაკეში, ერთ-ერთ საკომისიოში 5 000 დოლარად შეიძინა. შემდეგ ოჯახმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები