საქართველოს ელჩი: თურქეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების თაობაზე ოფიციალური შეტყობინება არ ყოფილა

ანტონ ვან დეიკის ნახატის კონტრაბანდის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური მომართვა და შეტყობინება არცერთი კომპეტენტური ორგანოდან ამ მომენტისთვის არ ყოფილა, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა.
როგორც კოპლატაძემ აღნიშნა, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არ დევს.
„იმ შემთხვევაში, როდესაც არის ან ეჭვმიტანილი, ან დაკავებული პიროვნება, თურქეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები, იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც წესი, საელჩოს, ან სტამბოლში გენერალურ საკონსულოს მომართავენ. მსგავსი ოფიციალური მომართვა და შეტყობინება აღნიშნულის თაობაზე არცერთი კომპეტენტური ორგანოდან ამ მომენტისთვის არ ყოფილა. მხოლოდ ის ერთი ინფორმაცია, რაც გავრცელდა, არის გავრცელებული, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არ დევს“, – განაცხადა კოპლატაძემ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში საქართველოდან კონტრაბანდულად გატანილი ვან დეიკის 14-მილიონიანი ნახატი აღმოაჩინეს. ცნობილი ხდება, რომ თურქმა სამართალდამცველებმა ორი ქართველი ბიზნესმენი დააკავეს. ისინი ცდილობდნენ, მე-17 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის ანტონ ვან დეიკის ფერწერული ტილოს გაყიდვას. “მოამბის“ ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ვან დეიკის ნახატი საქართველოში დაცული არასდროს ყოფილა და არცერთ მუზეუმსა თუ რეგისტრირებულ კერძო კოლექციებში არ ირიცხება. არსებობს ვერსია, რომ საქართველო კონტრაბანდული გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და ნამუშევარი რუსეთიდან, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპაში გაჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები