„მეპატრონეებს სასტუმროების სტანდარტის არარსებობა პრობლემებს უქმნის“ – როგორ იბეგრებიან დიდი და პატარა სასტუმროები საქართველოში

„2015 წელი საქართველოში სასტუმროებისთვის იმაზე ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე 2014 წელი. საქართველოს მთავრობის მხრიდან ვიზების გაუქმებამ ტურისტების მკვეთრ ზრდას შეუწყო ხელი“, – აღნიშნული განცხადება სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, კარგად დაიწყო ზამთრის სეზონიც. ძალიან გადატვირთულია გუდაური და ბაკურიანი. ასევე სამთო – სათხილამურო კურორტი გაიხსნა აჭარაში, მალე დასრულდება მესტიის პროექტიც, თუმცა სვანეთში ჰაწვალის სამთო – სათხილამურო ტრასა უკვე მოქმედებს. ახალი წლის პერიოდში თბილისიც ძალიან დატვირთული იყო ტურისტებით. ყველაზე მეტი ტურისტი ახალი წლის შესახვედრად თბილისში სომხეთიდან ჩამოვიდა.
თუმცა რაც შეეხება მომსახურებას, შალვა ალავერდაშვილის თქმით, ტურისტი ხშირად ვერ იღებს იმას, რისი მოლოდინიც აქვს. მისივე განმარტებით, ამ პრობლემას ქვეყანაში სტანდარტიზაციის არქონა ქმნის. სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს სასტუმროების სტანდარტი, არ არის გამოყოფილი, რას ნიშნავს იგივე სოფლის სახლი, იგივე „გესტ ჰაუსი“, იგივე „ჰოსტელი“, იგივე „მოტელი“…
„თვითონ სასტუმროც კი არ ვიცით, კანონმდებლობის მიხედვით, ზუსტად, რა არის. ბალნეოლოგიური კურორტების ზუსტი განმარტებაც არ არსებობს “, – აცხადებს ალავერდაშვილი.
სტანდარტების არქონა სასტუმროების დაბეგვრაშიც პრობლემებს ქმნის. როგორც ალავერდაშვილი აცხადებს, დიდი და პატარა სასტუმროები დაყოფილი არ არის. კანონით განსაზღვრული არ არის ისიც, რომ მთელ რიგ რეგიონში სასტუმროები მხოლოდ სეზონურად – 3 თვე მუშაობენ, დანარჩენი დრო მათ მომხმარებელი არ ჰყავთ, თუმცა, როგორც იურიდიულ პირებს, ამის მიუხედავად, მთელი წლის გადასახადის გადახდა უწევთ. ამის გამო რეგიონებში პატარა სასტუმროების ეგრეთ წოდებული „გესტ ჰაუსების“ მეპატრონეები საკუთარ სახლებს სასტუმროდ არ არეგისტრირებენ და იძულებულნი არიან, არალეგალურად იმუშაონ.
„ერთნაირად იბეგრება დიდი და პატარა სასტუმროც. დაყოფილი რომ არ არის სასტუმროები, ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის. გვაქვს სეზონები და სხვადასხვა რეგიონში სასტუმროები მაქსიმუმ 3-4 თვე მუშაობენ, წლის დანარჩენ პერიოდში უმოქმედოდ არიან. თუ საქართველოს რეგიონებში არსებული „გესტ ჰაუსები“ დარეგისტრირდებიან იურიდიულ პირებად, ინდმეწარმეებად ან შპს-ებად, მთელი წლის განმავლობაში მათ საკუთარ სახლში უნდა გადაიხადონ იურიდიული პირის გადასახადი, რაც ნიშნავს სამმაგ დენს, გაზს და წყალს მრიცხველით.
ამას ემატება იურიდიული პირის ქონების გადასახადიც. ეს ადამიანი ყველანაირად შეეცდება, რომ სასტუმროდ გაკეთებული სახლი არ დაარეგისტრიროს და არალეგალურად იმუშაოს. ეს ხალხი რომ დარეგისტრირდეს, 2 თვის გამო მთელი დარჩენილი 10 თვე უნდა იხადოს სამმაგი ფასით გადასახადი პირადი მოხმარებისთვის. ამიტომ ის იძულებულია, არალეგალურად იმუშაოს “,- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
როგორც ალავერდაშვილმა განმარტა, სტანდარტების არქონის გამო ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ტიპის სასტუმრო გააკეთოს და დააწეროს ის, რაც თავად მოესურვება, თუნდაც დააწეროს, რომ მას 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აქვს, ამის გამაკონტროლებელი არცერთი ორგანო არ არსებობს. ალავერდაშვილის თქმით, სხვა ქვეყნების მსგავსად, სტანდარტების დარეგულირება საქართველოშიც საგადასახადო კუთხით უნდა მოხდეს.
„ტურისტები, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, შესაბამისად, ელიან ბევრად მაღალი ხარისხის მომსახურებას, ვიდრე კონკრეტულ სასტუმროს შეუძლია, რომ მათ შესთავაზოს. ეს მათში უკმაყოფილებას იწვევს. ამის დარეგულირება აუცილებელია.
სხვადასხვა ქვეყანაში ამის დარეგულირება საგადასახადო კუთხით ხდება: რაც უფრო დაბალია სასტუმროების სტანდარტის დონე, მით უფრო ნაკლებ გადასახადს იხდიან. ამის მიხედვით შეიძლება ქვეყანაში მაქსიმუმ 3-4 თვეში მთლიანი მომსახურების სერვისის დალაგება. ადამიანები გადასახადების დაკლების მიზნით დაიწერენ დაბალ დონეს, შესაძლებელია, 4- ვარსკვლავიანმა სასტუმრომ თავისი სტანდარტის დონე ჩამოსწიოს და ბევრად დაბალი ვარსკვლავის მქონე სასტუმროში ტურისტები ბევრად მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებენ. ეს აისახება ფასებზეც. მეპატრონეებიც იმ ფასებს აღარ დაადებენ, რაც დღეს აქვთ და ფასები დაიკლებს. მეპატრონეები დღეს გადასახადების სიმრავლის გამო ფასებს დაბლა ვერ სწევენ“,- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
შალვა ალავერდაშვილის თქმით, სასტუმროების სტანდარტის შემოსაღებად უკვე წლებია მუშაობს და არაერთ ხელისუფალსაც მიმართა, თუმცა საუბრები საუბრებად დარჩა და ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე მუშაობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები