ირაკლი ღარიბაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი გახსნა. პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა და საქართველოში სპორტის აღნიშნული სახეობის მნიშვნელობასა და განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას და ძიუდოისტებს მათი დაოსტატებისთვის ყველა პირობა უქმნის.
“ჩვენთვის ძიუდო ძალიან პოპულარულია, შეიძლება იმიტომ, რომ მასში კარგად ჩანს ქართველი კაცის მებრძოლი სული. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ სპორტის ამ სახეობის განვითარებას. ყველა პირობას ვუქმნით ძიუდოისტებს მათი დაოსტატებისთვის, იმისათვის, რომ გახდნენ პროფესიონალი სპორტსმენები და ჩვენს ქვეყანას მსოფლიოში სახელი გაუთქვან. ძიუდოს ხელშეწყობა და სპორტის ამ სახეობაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ სფეროში სპორტსმენთა საწვრთვნელი პროცესისა და შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის დაფინანსება გავზარდეთ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები ამ დღეებში მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენების გვერდით საასპარეზოდ გამოვა, რომელმაც უკვე მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი. ჩვენმა ძიუდოისტებმა ქვეყანა არაერთხელ ასახელეს. მჯერა, რომ ახლაც წარმატებით იასპარეზებენ და გულშემატკივარს გაახარებენ. ნათქვამია, სპორტი ხალხს ერთმანეთთან აახლოებს და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში, მზად ვართ ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ საერთაშორისო დელეგაციებს, სტუმრებს. მინდა, ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრის ყველა მოასპარეზეს წარმატება ვუსურვო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სპორტის სასახლეში დღეს გაიხსნა ძიუდოს გრან-პრის შეჯიბრი, რომელიც 23 მარტს დასრულდება. შეჯიბრში 24 ქვეყნის 200 სპორტსმენი, მათ შორის 29 ქართველი მონაწილეობს. გრან-პრის გახსნის საზეიმო ცერემონიალს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, საქართველოსა და საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციების პრეზიდენტებიც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები