გია ვოლსკიმ მარიამ საჯაიას უზრდელი უწოდა და რატიანს დაავალა მას ზრდილობა ასწავლონ
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ კოლეგას უმცირესობიდან მარიამ საჯაიას – უზრდელი უწოდა და ზრდილობის დაცვისკენ მოუწოდა.
გიორგი ვოლსკიმ სიტყვით გამოსვლისას მარიამ საჯაიას მისამართით ქათინაურები და კომპლიმენტებიც არ დაიშურა.
„დეპუტატმა მარიამ საჯაიამ გადააჭარბა ყველას და ყველაფერს. ცოტა უზრდელურია, როდესაც ჩემი შვილის ტოლი ბრძანდებით, რასაკვირველია, პოლიტიკაში წლოვანება არ არსებობს, მაგრამ არ შეიძლება, როდესაც მისმენს ჩემი შვილი, მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგოდ არის განწყობილი, ან პირიქით, არ შეიძლება ჰქონდეს იმის განცდა, რომ ესოდენ კარგი შესახედავი მანდილოსანი ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკაში მონაწილეობს და არის უზრდელი. ელემენტარულად ეს არის ძალიან ცუდი“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და სერგო რატიანს მიმართა, რომ მარიამ საჯაიას პარლამენტში ქცევის წესები ასწავლონ.
„თქვენც გეხებათ ბატონო სერგო. უნდა ასწავლოთ რაღაცა“, – დასძინა ვოლსკიმ.