ეკა ბესელია: სამი წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ადამიანმა მოგვმართა
36 700-ზე მეტი კონკრეტული განცხადება მივიღეთ ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე კომიტეტისა და ცალკეული სამინისტროების ერთობლივ საქმიანობაზე საუბრის დროს განაცხადა.
ბესელიას თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
“ჩვენ სამი წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ადამიანმა მოგვმართა. 36 700-ზე მეტი კონკრეტული განცხადება მივიღეთ ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ. პრაქტიკულად ყველაზე რეაგირება მოხდენილია. ყველა იმ სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც ადამიანის უფლებების მხრივ მუშაობს, კომიტეტის სხდომებს ესწრება და ჩვენ ასეთ ღია ფორმატში ვსაუბრობთ”, – განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ უწყებაში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა მიმდინარეობს.
“იუსტიციის სამინისტრომ ბევრი რამ გააკეთა, პირველ რიგში კი – სისხლის სამართლის კანონმდებლობის კუთხით. ჩვენ უარი ვთქვით სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკაზე. მნიშვნელოვანი იყო ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება, ქალთა უფლებების და სტამბოლის კონვენციის ხელმოწერა”, – განაცხადა ბესელიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, სასამართლო რეფორმა საქართველოში ყველაზე მტკივნეული თემაა.
“სასამართლო რეფორმა ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული თემაა. ყველანი ვიბრძვით, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლო მიიღონ. ეს რეფორმა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ეს ერთად და პრინციპულად უნდა გავაკეთოთ. საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მათი სამართლის განსჯა იმ მოსამართლეების ხელში უნდა იყოს, რომლებსაც არ ენდობიან. მჯერა, იმ პროექტებს, რომლებიც თეა წულუკიანმა გუშინ კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა, მომავალ წელს ბოლომდე მივიყვანთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომიტეტის თავმჯდომარე სასჯელაღსრულების სამინისტროს რეფორმებსაც შეეხო. მისი თქმით, გასულ წლებთან შედარებით, პატიმართა გარდაცვალების ფაქტები შემცირებულია.
“ის, რომ პატიმართა გარდაცვალების ფაქტები 2011-2012 წლებში ძალიან მაღალი იყო, წელს ჩვენ 12 ასეთი ფაქტი გვქონდა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პატიმრის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდება”, – აღნიშნა ბესელიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კომიტეტმა მთავრობას ნდობა გუშინ კომიტეტის სხდომაზევე გამოუცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, თანამშრომლობის ახალი ეტაპი, რომელსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სთავაზობს ოპონენტებს, საზოგადოებამ ძალიან კარგად მიიღო.