თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, წესის თანახმად, საქალაქო სამსახურში შესულ პროექტებს განიხილავს კომისია, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ არის შექმნილი და რომლის შემადგენლობაში თბილისის საკრებულოს დეპუტატებიც არიან.
კომისიათა წევრებმა იმსჯელეს და საქალაქო სამსახურს წარუდგინეს ტექნიკური ხასიათის შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებით დადებითი რეკომენდაცია მისცეს საკითხის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გატანას.
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომის თავმჯდომარემ ზაზა კოლელიშვილმა დეპუტატებს განსახილველად წარუდგინა ბიუჯეტით გათალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამის: „უფასო სწავლება მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“ და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ განხორციელების წესი, რომლის თანახმად, 18 წლამდე ასაკის პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, უფლება აქვთ, სრულიად უფასოდ ისწავლონ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და სასახლეში, ასევე ხელოვნების სკოლებში. დეპუტატებმა სხდომაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის სასწავლო გეგმის შესახებაც იმსჯელეს, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადებას 9 ძირითადი მიმართულებით.
პროექტით ერთი წლის განმავლობაში 1500-მდე საჯარო მოხელე გადამზადდება. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცებას, აღნიშნული წესის დამტკიცებასთან დაკავშირებით საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ აღნიშნა, რომ ეს წესი განსაზღვრავს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობას“, „ინტელექტუალური, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტის ხელშეწყობას“, „პროფესიული და ზრდასრული განათლების განვითარების ხელშეწყობას“.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, ზემოაღნიშნული წესი დაფინანსების მიმღებ სუბიექტებსაც განსაზღვრავს, როგორიც არის თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, საინვესტიციო ჯგუფები, სპორტული ფედერაციები, სპორტული კლუბები, სპორტული და ახალგაზრდული ცენტრები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, სტუდენტური თვითმმართველობები, სიპები და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები. სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ასევე, ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურებათა საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები. კომისიის წევრებმა დეტალური პასუხები მიიღეს თითოეულ საკითხთან დაკავშირებით და წესის დამტკიცების შესახებ დადებითი რეკომენდაცია მისცეს.