გიორგი მარგველაშვილმა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოღების შესახებ კანონთა პაკეტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოღების შესახებ კანონთა პაკეტს ხელი მოაწერა.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ აღნიშნა, რამდენიმე დანაშაულზე მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება ისევ გადავადებულია და მათი სრულყოფილად ამოქმედება მოგვიანებით მოხდება.
კვერენჩხილაძე იმედოვნებს, რომ კონკრეტულ დანაშაულებზე მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ხელახალი გადავადება აღარ მოხდება.
“ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ კონკრეტულ დანაშაულებზე მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ხელახალი გადავადება აღარ მოხდება და დასრულდება ის პერმანენტული გადავადებები, რაც ამ კანონთან დაკავშირებით ხდებოდა”, – განაცხადა საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე, ხელი მოაწერა, საპოლიციო წესით გამოსახლების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონთა პაკეტს.
“მიგვაჩნია, რომ ეს სამართლებრივი სახელმწიფოს და ეროვნული მართლწესრიგის იდეის დამკვიდრებას და გაძლიერებას ემსახურება და ასევე ითვალისწინებს ევროპული სტანდარტისა და პრაქტიკის შემოღებას. თუმცა უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება, რაც არაერთხელ დაუფიქსირებია საქართველოს პრეზიდენტს, რომ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის საკითხებზე, რომელიც კერძო სექტორისა და ბიზნესისათვის დიდი მგრძნობელობით და მნიშვნელობით გამოირჩევა, აუცილებელია საკითხის დაყენებისთანავე მოხდეს მათ წარმომადგენლებთან კონსულტაციები, რათა კანონის მიღების შემდეგ გარკვეული კითხვები აღარ ისმებოდეს”,- აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები