ქართველი მწერლები შიმშილობენ – მათი მიმართვა კულტურის სამინისტროს

 „ქართველი მწერლები შიმშილობენ. ისინი ფიზიკური გადარჩენის საშიშროების წინაშე დგანან“, – ეს ამონარიდი ქართველი მწერლების იმ მიმართვიდანაა, რომელიც დღეს პოეტმა მარიამ წიკალურმა კულტურის სამინისტროს კანცელარიაში მიიტანა.
ქართველი მწერლები კულტურის სამინისტროს მხრიდან მათ სრულ იგნორირებას აპროტესტებენ. მიმართვაში აგრეთვე აღნიშნულია:
“არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მწერალთა სხვადასხვა გაერთიანებასა და ცალკეულ მწერალთა შორის იმ დახმარების თანაბრად განაწილებას, რომელიც გამოიყოფა, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან“.
,,კვირა“ დაუკავშირდა პოეტ მარიამ წიკლაურს და აღნიშნულ საკითხზე კომენტარი სთხოვა.
„ამ წუთებში კულტურის სამინისტროს კანცელარიაში ვიმყოფები, სადაც ეს მიმართვა მოვიტანე, კარგად იცით, რომ ყველა ნორმალურ სახელმწიფოში მწერლებს უნიშნავენ პენსიებსა და სტიპენდიებს, ეხმარებიან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ხელოვან ადამიანებს, პირველ ეტაპზე ჩვენ ვითხოვთ განსაკუთრებულად შეჭირვებული ადამიანებისთვის: ანუ ინვალიდებისა და მარტოხელა პირებისთვის ფინანსური დახმარების დანიშვნას. მათ მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ჩვენს ქვეყანაში საავტორო უფლებები არ არის დაცული. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ შემოიღოს კანონი მეცენატობაზე, რითაც ბევრი რამ თავისთავად დარეგულირდება. მწერალს სათხოვნელად არ უნდა გაუხდეს საქმე. კერძო ფონდებიდან დახმარებას მხოლოდ ზოგი ხელოვანი იღებს“, – განაცხადა მარიამ წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ მწერალთა ეს იმ მიმართვა, 17 მარტს (გალაკტიონ ტაბიძის თვითმკვლელობის დღეს), მწერალთა სახლში პოეტმა მარიამ წიკლაურმა საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე წაიკითხა და იქ შეკრებილ მწერლებს მისი ხელმოწერისაკენ მოუწოდა. კულტურის სამინისტროსადმი მიმართვას ხელს 100-მდე მწერალი აწერს. ამ დღეებში მწერლები მიმართვის ასლს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, პენ-კლუბს და სხვა ორგანიზაციებს გადაუზავნიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები