აშშ-ის სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანია რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტს გარდაუვალს უწოდებს
აშშ-ის სადაზვერვო-ანალიტიკურმა კომპანია Stratfor-მა 2016 წლის პროგნოზის მოხსენება წარმოადგინა. მისი ანალიტიკოსების დასკვნის მიხედვით, რუსეთსა და თურქეთს შორის მომავალ წელს კონფლიქტი გამწვავდება. ამ დასკვნის მიხედვით, თურქეთი, სავარაუდოდ, სირიაში სამხედრო ოპერაციას განახორციელებს, ასევე ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო მონაწილეობას გაზრდის. ამასთანავე, ანკარის მიზანი მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებთან“ ბრძოლა კი არა, არამედ სირიელი ქურთების შეკავებაც იქნება.
ეს მოქმედებები კი თურქეთსა და რუსეთს, ასევე ირანსა და თურქეთს შორის დაპირისპირების რისკს გაზრდის. ამასთანავე, რუსეთს ეს სიტუაცია სულაც არ აწყობს, ვინაიდან ანკარა შავ და ხმელთაშუა ზღვებს შორის გასასვლელს აკონტროლებს. Stratfor -ი ასევე მიუთითებს, რომ რუსეთის მონაწილეობა სირიის კონფლიქტში იზრდება და ამან, შესაძლოა, რუსეთის წინაშე ახალი ამოცანები დააყენოს და მოსკოვს ერთდროულად რამდენიმე პრობლემის მოგვარება მოუწიოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტი 24 ნოემბერს რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ გამწვავდა.