ნოდარ ხადური: 1 იანვარს ფინანსთა სამინისტრო ერთიან სახაზინო კოდს დანერგავს

„პირველ იანვარს, ფინანსთა სამინისტრო ერთიან სახაზინო კოდს დანერგავს“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნოდარ ხადურმა დღეს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ხადურმა აღნიშნა, თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში მისი მიზანია, როგორც საგადასახადო კოდექსი, ისე გადასახადების ადმინისტრირება იყოს მაქსიმალურად სამართლიანი.
“ჩვენი მიზანია, როგორც საგადასახადო კოდექსი, ისე გადასახადების ადმინისტრირება მაქსიმალურად სამართლიანი იყოს. მინიმუმამდე უნდა დავიდეს ურჩი გადამხდელების რიცხვი და მათთან შედარებით პატიოსანი გადამხდელი უკეთეს მდგომარეობაში უნდა იყოს;
ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ იდენტიფიცირებულ პრობლემებზე ბიზნესის წარმომადგენლებთან და ბიზნესასოციაციებთან ერთად ვიმუშაოთ. მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენც, პარლამენტის წევრებმა, დაინტერესებულმა პირებმა მიიღოთ მასში აქტიური მონაწილეობა. ჩვენ გვინდა, შემოგთავაზოთ სრულიად რევოლუციური ნაბიჯების გადადგმა იძულებით აღსრულების მიმართულებით; ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია ისე, რომ არც ბიზნესს შეეშალოს ხელი და ამავე დროს საგადასახადო სამსახურმაც შეასრულოს თავისი ფუნქცია”, – განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, უფრო მეტად რეგლამენტირებული გახდება საგადასახადო შემოწმების პროცესი, რათა ის არ გრძელდებოდეს ხანგრძლივად და ბიზნესს არ ექმნებოდეს დამატებითი პრობლემები;
“ჩვენ გთავაზობთ, რომ სრულად განხორციელდეს 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, ხოლო 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციები ჩამოიწერება ძირითადი გადასახადის თანხის გადახდის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ პირს აქტივობები არ უფიქსირდება; დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდის ვალდებულებისგან; ბიზნესისთვის აქტუალურ თემაზე გამოიცემა საჯარო გადაწყვეტილება. მე მინდა გთხოვოთ, რომ ამ მიზნით შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, პარლამენტის წევრების, შესაბამისი კომიტეტებისა და ბიზნეს ასოციაციების მონაწილეობით. ფინანსთა სამინისტრო ამაზე აქტიურად იმუშავებს; გადაიხედება შემოწმების აქტის შედგენის წესი და ფორმა. შემოწმების აქტი აუცილებლად უნდა მოიცავდეს იურიდიულ დასაბუთებას და უნდა იყოს მაქსიმალურად დეტალური, რათა გადამხდელმა იცოდეს, რის გამო არის გადასახადი დარიცხული და, ამავე დროს, დავების საბჭოს ჰქონდეს შესაძლებლობა, ზუსტად აღიდგინოს პროცესი”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ამასთანავე, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას დაგეგმილ საბუღალტრო რეფორმაზე ისაუბრა.
“ისეთ საწარმოებში, რომლებიც გადავლენ აღნიშნულ მეთოდზე, ფინანსთა სამინისტრო თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეამცირებს შემოწმების ტვირთს; საგადასახადო სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება იქნება ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა; კაპიტალის მატებიდან მიღებული შემოსავლის გათავისუფლება გადასახადისგან და, ამავე დროს, ჩვენ ვგეგმავთ მოგების გადასახადის რეფორმას; დეპოზიტების დაზღვევის სისტემასთან დაკავშირებით გაიმართება დიალოგი საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და 2016 წლის პირველ ნახევარში ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს განსახილველად;
სამინისტროს მეტი კონტროლი ექნება არაპირდაპირ ვალდებულებებზე და მოხდება მათი გასაჯაროება. დიდი ხანია ვსაუბრობთ დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების გამარტივებაზე. რამდენიმე დღეში, პირველ იანვარს, ფინანსთა სამინისტრო დანერგავს ერთიან სახაზინო კოდს. ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს და ხშირ შემთხვევაში ავტომატურამდე დაიყვანს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის დაბრუნებას, ფინანსთა სამინისტრო შეძლებს ყველა მიმდინარედ წარმოქმნილი ზედმეტობის მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში დაბრუნებას”, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია, ფისკალური სტაბილურობა; ბაზრისადმი და ბიზნესისადმი მეგობრული დამოკიდებულება; სოციალური ვალდებულებების შესრულება და ეფექტიანობის დახვეწა; საინვესტიციო პროექტების ეფექტიანობა; მეტი გამჭვირვალობა და გადაწყვეტილებების მიღებამდე ბიზნესის ჩართულობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები