შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპოლთან თანამშრომლობას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპოლთან თანამშრომლობას იწყებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მომავალ წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელს მოაწერს ევროპოლთან ყველაზე მაღალი დონის ხელშეკრულებას, რაც ევროიტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება.
“ჩვენი გეზი შეუქცევადია, ესაა დასავლური სტანდარტები. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ 100 პროცენტით შეასრულა ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებები, სახელმწიფოს ევროპული არჩევანი, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა, დამატებით გამოწვევებს და, შესაბამისად, მიზნებს გვისახავს, რისთვისაც უკვე განსაზღვრული მაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა. შსს-ში რეფორები გრძელდება და ის უზრუნველყოფს პოლიციის შემდგომ განვითარებას, ასევე მის საბოლოოდ ჩამოყალიბებას ეფექტურ, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ, სანდო და თანამედროვე უწყებად”, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
გიორგი მღებრიშვილმა უწყებაში დაგეგმილ სხვა სიახლეებზეც ისაუბრა, მათ შორის – კრიმინალური პოლიციის შემდგომ მოდერნიზაციაზე; დანაშაულის პრევენციის კომპონენტის გაძლიერებაზე; პოლიციის დანაყოფებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვაზე; არალეგალურ მიგრაციასა და მასთან დაკავშირებული რისკების მართვის კუთხით სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაზე; საპოლიციო და სამოქალაქო ფუნქციების გამიჯვნაზე; შსს-ს სერვისების შემდგომ სრულყოფასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაზე.
შეიცვლება მუშაობის მეთოდოლოგია, დაინერგება ახალი მიდგომები. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ახალი მიდგომების დანერგვის მიზანი პოლიციის საზოგადოებასთან კიდევ უფრო დაახლოება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები