პრეზიდენტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს ეხმაურება
პრეზიდენტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს ეხმაურება. როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს გზა უნდა გაეხსნათ ჩვეულებრივ ბაღებსა და სკოლებში, ასევე უნდა ჩაებნენ სპორტში, რათა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.
„ყოველწლიურად, 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს ადამიანები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ამიტომ ვალდებული ვართ, მეტი ვიცოდეთ დაუნის სინდრომის შესახებ. მხოლოდ სათანადო ცოდნით აღჭურვილები შევძლებთ ამ ადამიანებზე ზრუნვას, მათი უფლებების დაცვასა და პირობების შექმნას იმისათვის, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში, როგორც ცივილიზებულ ქვეყანაში, ბავშვებს დაუნის სინდრომით გზა უნდა გავუხსნათ ჩვეულებრივ ბაღებსა და სკოლებში, მაქსიმალურად ჩავაბათ შემოქმედებით საქმიანობასა თუ სპორტში, რათა მშვიდად იცხოვრონ ახლობლების გარემოცვაში, იგრძნონ თავი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან, ღირსეულ წევრებად და თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. მეც, როგორც პრეზიდენტი და მოქალაქე, თავს ვალდებულად ვგრძნობ, მეტი ყურადღება და დრო დავუთმო იმ გზებისა და საშუალებების შესწავლას, რომლებიც ჩვენ – ყველას სოლიდარულ თანაცხოვრებამდე მიგვიყვანს“, – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.