„კვირიკაშვილმა იცის ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები და იცნობს საქართველოს ეკონომიკურ ვითარებას“
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ ისაუბრა. ძიძიგურის შეფასებით, კვირიკაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია და მან კარგად იცის საქართველოს საგარეო პრიორიტეტები, ამასთან, მისი თქმით, ის, მისი ყოფილი პოსტიდან გამომდინარე, კარგად იცნობს საქართველოს ეკონომიკურ ვითარებასაც.
„პარლამენტის უმრავლესობამ, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარვუდგინეთ. გიორგი კვირიკაშვილი ამ დროისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია, მან კარგად იცის საქართველოს საგარეო პრიორიტეტები. ის პირდაპირაა ჩართული საგარეო დიპლომატიურ საქმიანობაში. ამავე დროს, ის იყო ეკონომიკის მინისტრი და საქართველოს ეკონომიკური ვითარებაც მისთვის კარგად არის ცნობილი.
ვფიქრობ, ორშაბათს ან სამშაბათს ფრაქციებში და კომიტეტებში მთავრობის ახალ შემადგენლობას მოუსმენენ. მთავრობის შემადგენლობა, ძირითადად, მოქმედი მინისტრთა კაბინეტი იქნება“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ძიძიგურის განცხადებით, 29 დეკემბერს პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც უმრავლესობა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.