ურუგვაიში ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს
სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი ეუხენიო ფიგერედო ურუგვაიში შვეიცარიიდან ექსტრადირების შემდეგ დააკავეს. ის ფულის გათეთრებასა და თაღლითობაშია ბრალდებული. ფიგერედო რამდენიმე მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, 84 წლის ყოფილი ჩინოვნიკი მონტევიდეოში ჩასვლისას შინა პატიმრობაში მის დატოვებას ითხოვდა. თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ფიგერედო ფიფას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირია ციურიხში 27 მაისს დაკავებულებს შორის. მათ უმრავლესობას ბრალი წაუყენეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლების შერჩევისას.