ანა დოლიძე მარო მაყაშვილისთვის გმირის ორდენის მინიჭების ცერემონიალს დაესწრო
თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ანა დოლიძე მარო მაყაშვილისთვის გმირის ორდენის მინიჭების ცერემონიალს დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
დაჯილდოების ცერემონიალი კოჯორ-ტაბახმელას გმირთა მემორიალთან გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამშობლოსთვის თავდადებული ახალგაზრდა ქალისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭება, სწორედ, ანა დოლიძის ინიციატივა იყო. მარო მაყაშვილის კუთვნილი ჯილდო დღეს მის დისშვილს ელიზბარ ერისთავს გადაეცა.
“მარო მაყაშვილი დღეიდან პირველი ეროვნული გმირი ქალია. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი მისაბაძი ადამიანის ისტორია გვექნება, ახალგაზრდები, ბავშვები ისწავლიან ამ ისტორიას და იმ ფასეულობებს, რომლისთვისაც მარო მაყაშვილმა თავი დადო. სიმბოლური ნაბიჯი, ეროვნული გმირის სტატუსის მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია. მარო მაყაშვილი არის ახალგაზრდა იდეალისტური საქართველოს სიმბოლო“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, მოწყალების და მარიამ (მარო) მაყაშვილი 1921 წლის თებერვალში იუნკრებთან ერთად იბრძოდა საბჭოთა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. იგი ბრძოლების დროს, კეფაში ყუმბარის ნამსხვრევის მოხვედრის შედეგად დაიღუპა.