ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა

 

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში, ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობა მარნეულში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს.
“თქვენ გექნებათ ადგილი, სადაც შეიკრიბებით, ივარჯიშებთ და იცხოვრებთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდებს ნოვრუზ ბაირამობა მიულოცა და სამთავრობო ინიციატივები გააცნო.
“იცით, რომ არსებობს სპეციალური პროგრამა და ბევრმა თქვენგანმა, ალბათ, უკვე გამოიყენა ის. ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანული ტესტების შედეგებით ჩაირიცხოთ უმაღლეს სასწავლებლებში. იქ თქვენ შეგასწავლიან ქართულ ენას იმისათვის, რომ შემდეგ გააგრძელოთ სწავლა ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის და სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებით. სახელმწიფო აფინანსებს თქვენს სწავლას და ამისათვის გამოგეყოფათ გრანტები 5, 6 და 7 წლის განმავლობაში, იმის მიხედვით, რამდენიც საჭირო იქნება თქვენი განათლებისთვის”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
მანვე ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს მოუწოდა, ისარგებლონ “ფეისბუქის” გვერდზე გახსნილი სპეციალური აპლიკაციით – “სტუდენტების იდეა პრემიერს” და მიაწოდონ მათი მოსაზრებები.
აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ინიციატივების ამოქმედებასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაცია თვის ბოლოს პრეზენტაციას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები