კარასინი – რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არის
რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არის. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა. მისი თქმით, თბილისი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების უკან გაწვევას მოითხოვს.
„დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს საქართველომ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია იყო მოგერიებული. ამ აგრესიის მოგერიების შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატივა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ეკუთვნის, ჩვენ რაც შეგვეხება, მზად ვართ ურთიერთობების აღსადგენად, მაგრამ საქართველო პირობას გვიყენებს – სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა“, – აცხადებს კარასინი.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა.