ეკა ბესელია: მატყუარა ელისაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა უნდა შემოწმდეს
ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და ელისაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა უნდა გადამოწმდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის მისამართით განაცხადა.
ბესელიას თქმით, ელისაშვილი მისი და მანანა კობახიძის მიმართ ცილისწამებას მიზანმიმართულად ეწევა.
„არ ვპასუხობ მატყუარა და ფლიდ ელისაშვილს, მე საზოგადოებას ვპასუხობ. ის მატყუარაა და მას ნებისმიერი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში დებატებში ვიწვევ. ის არ არის შეცდომაში შეყვანილი. ის გამიზნულად მიმართავს ცილისწამებას ჩემი და კობახიძის მიმართ. 2 122 განცხადებაა გადაგზავნილი შეწყალების კომისიაში, ის კი ურცხვად იტყუება, რომ მხოლოდ ერთი და იგივე საქმეზე მწერდნენო.
მე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი, არც სატელეფონო და არც SMS-ით კომუნიკაცია არ მქონია პირადად ელისაშვილთან, თუმცა, ის მაინც იმეორებს, თითქოს, მე კონკრეტულ პატიმარს ვგულშემატკივრობდი. ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და ელისაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა გადამოწმდეს. ვიდრე ელისაშვილი პოლიტიკაში იქნება, მე მას მატყუარა ელისაშვილს დავუძახებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.