ილია ვაშაკიძე: არ ვაპირებ, დავემორჩილო სინოდის გადაწყვეტილებას

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე, რომელსაც სინოდის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალა, არ აპირებს, განჩინებას დაემორჩილოს. ილია ვაშაკიძე აღნიშნულ საკითხს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.
“ქრისტესმიერ, საყვარელო ძმებო და დებო. მინდა განვაცხადო, რომ მე არ ვყოფილვარ დაბარებული სინოდის სხდომაზე და არ ვიცოდი, თუ განიხილებოდა ჩემი საკითხი. შესაბამისად, არ მომეცა ჩემი პოზიციის გამოხატვის უფლება. ამიტომ არ ვაპირებ, დავემორჩილო სინოდის ამ გადაწყვეტილებას და ჩემი ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს მომავალში ჩემთვის უფრო მკაცრი სასჯელის საფუძველი, იმდენად, რამდენადაც სიცრუეზე აგებული განაჩენი ავტომატურად ანულირებულია დიდი სჯულის კანონის მიხედვით და, როგორც წმიდა მამები გვეუბნებიან, ,,ყოველი სიცრუე ბოროტისგანაა”, – აცხადებს მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე.
შეგახსენებთ, რომ მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძეს მღვდელმოქმედება აეკრძალა, – ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინების ტექსტში, რომელიც დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის მდივანმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ წაიკითხა. წმინდა სინოდის განჩინების მიხედვით, წმინდა სინოდმა იმსჯელა მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძის შესახებ, რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებზე.
განჩინების მიხედვით, მღვდელმონაზონი ილია საქართველოს საპატრიარქოში დაბარებული იყო, მაგრამ არ გამოცხადდა. წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ კონსტანტინეპოლის მეორე კრების 26-ე და კართაგენის კრების მე-19 კანონების საფუძველზე მღვდელმონაზონ ილია ვაშაკიძეს აეკრძალოს მღვდელმოქმედება. განჩინების ტექსტის მედიისთვის გაცნობისას მიტროპოლიტმა ანდრიამ განაცხადა, რომ მღვდელმონაზონ ილიას განცხადებები, ძირითადად, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა. როგორც მისთვის არის ცნობილი, მღვდელმონაზონი ავად არის და სახლში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები