ნუკრი ქანთარია: გამოდი, ბატონო პრეზიდენტო, დაგინახეთ… “ნიჩურიტი” საქმეს არ უშველის

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ინტერესდება, თუ რატომ დუმს შეწყალების კომისიის საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი. ქანთარია გიორგი მარგველაშვილს მიმართავს კომენტარი გააკეთოს.
“შესაძლოა, ბატონი პრეზიდენტის საპრეზიდენტო სიმაღლიდან “ქართული ოცნების” წევრები აღარ ვჩანვართ ისეთები, როგორც საპრეზიდენტო კამპანიის დროს ვიყავით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კითხვები არ ჩნდება. მე მიჩნდება კითხვა, რატომ დუმს ბატონი პრეზიდენტი ასეთ შემთხვევაში, როდესაც შეწყალების კომისია მის დაქვემდებარებაშია და კომისიის ყოფილი და ახლანდელი ხელმძღვანელებიც მისი კადრები არიან. რა დუმილია ეს? ხომ არ არის თანხმობის ნიშანი? თუ მან არ გააკეთა განცხადება და დაგველაპარაკება მხოლოდ მრჩევლის პირით, მე ერთი ბავშვური თამაშის ფრაზა შემიძლია გავიხსენო – გამოდი, ბატონო პრეზიდენტო, დაგინახეთ და “ნიჩურიტი” ამ შემთხვევაში საქმეს არ უშველის. თუმცა, მე მინდა რომ ამაში ვცდებოდე”, – განაცხადა ქანთარიამ.
როგორც ქანთარია აცხადებს, შეწყალების საქმესთან დაკავშირებით მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას მიმართ აღვირახსნილი ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს.
“ჩვენი მოწინააღმდეეგები ყველანაირად ცდილობდნენ ინსტიტუტების დისკრედიტაციას და ეს ვერ მოახერხეს. ახლა გადავიდნენ პერსონალურ შეტევაზე და უკვე “ქართული ოცნების” ორი წევრი ცილისწამების სამიზნე გახდა. ეს არის ერთგვარი სნაიპერული ცილისწამება. ეს შეტევა მიდის ისეთ ინსტიტუტზეც, როგორიც არის შეწყალების კომისია”, – აღნიშნა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები