ლევან მურუსიძე: გირგვლიანის ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი მე მომხვდა
გირგვლიანების ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი ამ საქმესთან დაკავშირებით მე მომხვდა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა.
როგორც მურუსიძემ აღნიშნა, სასამართლო მოქმედებდა იმ კანონებით, რომელიც მიღებული იყო და არ შეეძლო, მოცემულ შემთხვევაში სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მისივე თქმით, ის კანონები, რომლებიც მაშინ მოქმედებდა, მოქმედებს დღესაც, ამიტომ უნდა მოხდეს ხელისუფლებასთან დიალოგი და შეიცვალოს კანონები.
“ჩვენც ადამიანები ვართ, ოჯახები გვყავს, გული შეგვტკივა კონკრეტულად ყველა საქმეზე და ყველა თემაზე, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, დავემორჩილოთ კანონს. შესაბამისად, სასამართლო მოქმედებდა იმ კანონებით, რომელიც მიღებული იყო და არ შეეძლო, მოცემულ შემთხვევაში სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მინდა მივმართო საზოგადოებას, შვილმკვდარ მამას – ერთადერთი, რასაც ისინი ითხოვდნენ, იყო, მოსამართლეს გაეხადა მოსამართლის მანტია და პროკურორის უფლებამოსილებით აღჭურვილიყო და, გარდა შემსრულებლებისა, პასუხისგებაში მიეცა სხვა პირები, ვინც იყვნენ ამ დანაშაულის ორგანიზატორები. ს
ამართლებრივად, გვითხარით, რა დავაშავე, რა დააშავა უზენაესმა სასამართლომ? რა გადაწყვეტილება შეიძლებოდა მიეღო და არ მიიღო? ერთადერთი ჩემი წუხილი არის ის, რომ ეს აჟიოტაჟი, რომელსაც მე პიროვნულად განვიცდი, იმ ოჯახის ტრაგედიასაც განვიცდი. იმ ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი ამ საქმესთან დაკავშირებით მე მომხვდა. მე ამას განვიცდი, ადამიანურად განვიცდი, მაგრამ მინდა გაიგოთ, რომ ეს იყო კანონები, რომელიც თავსმოხვეული იყო სასამართლოს წინაშე და უნდა დავილაპარაკოთ, რომ მომავალშიც არ განმეორდეს იგივე. ის კანონები, რომლებიც მოქმედებდა მაშინ, მოქმედებს დღესაც, ამიტომ ყველა ერთად უნდა დავირაზმოთ, მოხდეს ხელისუფლებასთან დიალოგი და შევცვალოთ კანონები, რომლებიც არ მოგვწონდა 10 წლის წინ. ისინი მოქმედებს დღესაც და მოსამართლეებს ხელ-ფეხი უნდა გაეხსნათ, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება არა მარტო კანონიერი, არამედ საზოგადოებისთვის სამართლიანიც”, – განაცხადა მურუსიძემ.