„იქნება ოპოზიციასთან დაკავშირებული სკანდალები, როგორც პოლიტიკურად არამიზანშეწონილ, ისე კრიმინალურ ფაქტებზე“
ექსპერტი მამუკა არეშიძე პატიმრების შეწყალების შესახებ სკანდალის გაგრძელებას ვარაუდობს. როგორც ექსპერტმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ამ სკანდალს როგორც ოპოზიციაში, ისე მედიაში ბევრი „გულშემატკივარი“ ჰყავს.
სკანდალის გაგრძელების მიუხედავად, არეშიძე მიიჩნევს, რომ ელისაშვილს გაუჭირდება დაამტკიცოს, რომ დიდ ფულზე იყო საუბარი. არეშიძე საარჩევნო წელს საზოგადოებისთვის ბევრი საინტერესო ფაქტის შესახებ ფარდის ახდას ელის.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ აუცილებლად იქნება ოპოზიციასთან დაკავშირებული სკანდალები.
„ეს გაგრძელდება და რეზონანსულიც იქნება. ელისაშვილთან არა, მაგრამ, მე ზვიად ქორიძისთვის დამირეკავს და კონკრეტული პატიმრის ბედი მიკითხავს. ასე რომ, ვიცე-სპიკერის მხრიდან არც დარეკვას და არც SMS-ების გაგზავნას მე გაკვირვებით არ ვხდები. დამტკიცება იმისა, რომ აქ დიდ ფულზე იყო საუბარი, ელისაშვილს ძალიან გაუჭირდება. არ არის გამორიცხული, რომ ამ სკანდალის ჭაობში ყველა მონაწილე, მთქმელიც და დამრეკავიც ჩაიძიროს. ამით ბევრი ძალაა დაინტერესებული. თუ ეს ბრალდება დამტკიცდა, ცუდია და საპატიებელი არ არის.
საარჩევნო წელი მოდის, საზოგადოებისთვის ბევრ საინტერესო ფაქტს შეიძლება აეხადოს ფარდა, საქმეებს, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვილია და ფინალს საშველი არ დაადგა, გახმაურებულ მკვლელობებს…. ეს აუცილებლად იქნება. იქნება ოპოზიციასთან დაკავშირებული სკანდალები, ლაპარაკი ოპოზიციის წარმომადგენლებსა თუ მათთან დაახლოებულ სხვადასხვა ორგანიზაციის როგორც პოლიტიკურად არამიზანშეწონილ, ისე კრიმინალურ ფაქტებზე. ეს შეიძლება არ იყოს გუშინ მომხდარი, მაგრამ ამ თემებზე საუბარი ნამდვილად იქნება“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.