თამარ ბაგრატია: გარემოს დაბინძურების მონიტორინგი 2016 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ სააგენტოს 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. მინისტრმა ანგარიში მოისმინა და სააგენტოს მიერ დაგეგმილ ახალ პროექტებს გაეცნო.
როგორც თამარ ბაგრატიამ აღნიშნა, სააგენტოს პრიორიტეტებია გარემოს დაბინძურების მონიტორინგი. სტიქიური ბუნებრივი პროცესების პრევენცია და მართვა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგული სისტემის განვითარება, მეტეოროლოგიური პროგნოზირების გაუმჯობესება, შავი ზღვის მონიტორინგი. თამარ ბაგრატიამ ასევე ისაუბრა წყლის ხარისხის მონიტორინგზე, ადრეული გაფრთხილების სისტემებზე. მისივე თქმით, სააგენტო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიებს გასცემს.
როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა აღნიშნა, ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში არსებობს და რაზეც გარემოს ეროვნული სააგენტო მუშაობს, სახელისუფლებო წრეებიდან, საზოგადოებიდან გაცილებით მეტ ყურადღებას საჭიროებს.
გიგლა აგულაშვილის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.
“ის საფრთხეები, რომელიც უკავშირდება ბუნებრივ და ანთროპოგენურ რისკებს, მხოლოდ მაშინ არ უნდა იპყრობდეს ჩვენს ყურადღებას, როდესაც ისინი ხდება, როდესაც დიდი საფრთხეების წარმოქმნის შესაძლებლობაა. ჩვენ, სამწუხაროდ, რამდენიმე სავალალო შედეგი გვქონდა მიმდინარე წელს, მაგალითად, თბილისში, ვერეს ხეობაში დაფიქსირებული შემთხვევა. ეს შეიძლება შევაფასოთ, როგორ ერთ-ერთი გამოწვევა, ერთ-ერთი გამაფრთხილებელი ნიშნული საიმისოდ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩვენთვის, საზოგადოებისთვის მოწვდილ ინფორმაციას მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ”, – განაცხადა აგულაშვილმა.
მისივე თქმით, გაგრძელდება ჰაერის მონიტორინგი, ბუნებრივი რისკების შეფასება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.
“გვაქვს საკმაოდ კარგი ინიციატივებიც, მათ შორის, სხვა უწყებებთან პროგნოზირების ნაწილში. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან იგეგმება საკმოდ საინტერესო სამუშაოების ჩატარება. ასე, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის შეფასების პროცესში ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გავისიგრძეგანოთ, ალბათ, ის, რომ ეს არის უწყება, რომელის ყოველდღიური შრომის შედეგები ჩვენი ცხოვრებისა და გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება”, – განაცხადა აგულაშვილმა.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, ეს არ არის ყოველდღიური საქმიანობის ანგარიში, არამედ ანგარიში პრიორიტეტებზეა მორგებული.
“რაც შეეხება ახალ ტექნოლოგიებს, გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება, დანერგოს ახალი ტექნოლოგიები ყველა მისი ფუნქციის შესაბამისად, იქნება ეს სტიქიური პროცესების ადრეული შეტყობინება, გარემოს დაბინძურების მონიტორინგი და ა.შ. ეს არის საკმაოდ მაღალკვალიფიციური და ძვირი ტექნოლოგიები, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში ასეთი ტექნოლოგიები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს”, – განაცხადა ბაგრატიამ.
რაც შეეხება გამოწვევებსა და პრობლემებს, ბაგრატიას თქმით, არის მრავალი ტიპის პრობლემა.
“გარემოს დაბინძურების მონიტორინგი 2016 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია და ჩვენ ყველა კუთხით დავიწყებთ აქტიურ მუშაობს. საქართველო არის ისეთი გეოგრაფიული მდებარეობის, რომ ძალიან აქტიურია სხვადასხვა ტიპის სტიქიური ბუნებრივი პროცესები, შესაბამისად, დიდი ძალისხმევა და ასევე ფინანსებია იმისთვის დასახარჯი, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სტიქიური მოვლენები მაქსიმალურად ვაკონტროლოთ”, – განაცხადა ბაგრატიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები