ზურაბ გამეზარდაშვილი მოლდავეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, მოლდავეთის ეროვნული პოლიციის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოლდავეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ გამეზარდაშვილი მოლდავეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ოლეგ ბალანს შეხვდა და ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის მილოცვა გადასცა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციისკენ ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებას და განიხილეს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოსა და მოლდავეთის მიღწევები. მოლდავეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგებს ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები გააცნო და გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა ასევე განიხილეს მიგრაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის საკითხები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო ინტერესთა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა, საქართველოს შს მინისტრის სახელით, მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრი ოლეგ ბალანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები