„არ არის გამორიცხული, რუსეთის მხრიდან კონფედერაციის საკითხი წამოიჭრას“
„ყველა ის აქტივობა, რომელსაც დასავლეთი საქართველოს მიმართ ამჟღავნებს, გამაღიზიანებელი ნიშანია რუსეთისთვის, ნიშანი იმისა, როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გააკეთოს. ეს ვიზების ამბავი დასწრებაზე თამაშია, ვინ უფრო აქტიური იქნება საქართველოსთან მიმართებაში“, – აღნიშნული განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
არეშიძის განცხადებით, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიმხროს. მისი თქმით, ეს არის როგორც თურქეთთან ურთიერთობის, ისე სამომავლო გეგმის კონტექსტშიც. სამომავლო გეგმა კი ევრაზიული სივრცის შექმნაა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთის აქტივობა ქართულ-ოსურ-ქართულ აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების კონტექსტშიც იქნება. არეშიძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ რუსეთის მხრიდან კონფედერაციის საკითხი წამოიჭრას.
„ეს მხოლოდ ვიზების საკითხი არ არის. აქტივობა ქართულ-ოსურ-ქართულ აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების კონტექსტშიც იქნება. ეს გამოჩნდა კიდეც პუტინის ნათქვამში. მოლაპარაკება დაიწყება სუფთა ფურცლიდან. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის მხრიდან კონფედერაციის საკითხი წამოიჭრას. კონფედერაციის ის ფორმა, რომელზეც მოსკოვში ფიქრობენ, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ფორმის შინაარსი ასეთია, სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო ქმნის ერთ გაერთიანებულ სახელმწიფოს და ამ სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს, საკუთარ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმის გზით ნებისმერ დროს შეუძლია გასვლა. აქედან გამომდინარე, ვინც რა კონფედერაციაზე არ უნდა ილაპარაკოს, თუ მასში ეს მუხლი ჩადებული იქნება, თემა დამთავრებულია“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.