მაგდა პაპიძე: ჩემი მეუღლე მემუქრებოდა… “ამაღლებულ ადგილას დამაყენა და მითხრა – გეშინიაო?“

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის განცხადებით, მას ბოლო პერიოდში მეუღლე ემუქრებოდა, რისიც ძალიან ეშინოდა.
როგორც ბრალდებულმა პაპიძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, 18 დეკემბერს, ქმარ-შვილის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, მისმა მეუღლემ ომარ ქაფიაშვილმა ის ჯვრის მონასტერში აიყვანა, „თითის წვერებზე დააყენა და დამცინავად ეუბნებოდა – ეშინოდა თუ არა“.
მისივე თქმით, მას ომარ ქაფიაშვილი ეუბნებოდა, რომ 27 დეკემბერს “რაღაცის გაკეთებას აპირებდა” და ემუქრებოდა.
ბრალდებულმა დღეს ასევე, ისაუბრა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნაში აღმოჩენილ უროსთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ უროს შეძენა „სარაიას“ გაკეთების მიზნით სთხოვა.
„წინა დღეს, ომარმა უროს ყიდვა მთხოვა, „სარაიას“ გაკეთება მინდაო. ბოლო პერიოდში მეუბნებოდა, რომ 27-ში აპირებდა რაღაცის გაკეთებას და ამით მემუქრებოდა. ძალიან მეშინოდა. 18-ში საკმაოდ ნასვამმა სახლიდან გამიყვანა. ტაქსით წამიყვანა ჯვრის მონასტერზე, ამიყვანა შემაღლებულ ადგილზე, თითის წვერებზე დამაყენა და მითხრა – გეშინიაო?“, – განაცხადა პაპიძემ.
ამასთან, პაპიძის თქმით, მისი მეუღლე სვამდა და მის მიმართ საკმაოდ აგრესიული იყო.
როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მეუღლე სადარბაზოში ძირს დაგდებული ნახა, იფიქრა რომ ნასვამი იყო, შეეშინდა და სახლში ასვლისას ურო ნაგავში გადააგდო.
მაგდა პაპიძემ სასამართლოზე დაკითხვისას აღნიშნა, რომ მან ასევე ნაგვის ურნაში ჩააგდო პარკი, რომელიც მისი თქმით, მანქანაში იდო.
პაპიძის ინფორმაციით, იმის გამო, რომ პარკი მეუღლის მანქანაში ჩასმის დროს ხელს უშლიდა, ისიც ნაგავში გადააგდო, თუმცა რა იდო აღნიშნულ პარკში, არ იცის.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 20 დეკემბერს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მაგდა პაპიძეს 109-ე მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები