“სოლიდარობის ფონდის” მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

25 დეკემბერს “საქართველოს სოლიდარობის ფონდის” მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, “სოლიდარობის ფონდის” დირექტორ მარიამ ჯაშთან და მუსიკოს ვახტანგ კახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრადიციული წინასაახალწლო საქველმოქმედო კონცერტი, თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 25 დეკემბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება “სოლიდარობის ფონდში” და 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ახალგაზრდების მკურნალობას მოხმარდება.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული და მხარს უჭერს ფონდს მეტი რესურსის მობილიზებაში, რათა მეტი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდეს. საქველმოქმედო კონცერტში თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები ალექსანდრე ვასაძე, სალომე ჯიქია, ნანა ძიძიგური, დირიჟორი – ვახტანგ კახიძე მიიღებენ მონაწილეობას. საახალწლო კონცერტზე ბახის ნაწარმოებები შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები