თეა წულუკიანმა 19 ნოტარიუსი დააჯილდოვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 19 ნოტარიუსი დააჯილდოვა. სასტუმრო “რედისონში” გამართულ ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრის სპეციალური ჯილდო, ბრენდირებული მედალიონები იმ ნოტარიუსებს გადაეცათ, რომლებიც საქართველოს მაღალმთიან დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას აქტიურად უწყობენ ხელს.
“ესენი არიან ადამიანები, ვისთვისაც არა საკუთარი კომფორტი, არამედ მოქალაქის კომფორტია მნიშვნელოვანი. ჩვენ მათ ვაფასებთ და ვაძლიერებთ იმ პრინციპს, რომლის თანახმად, თანამედროვე სახელმწიფოში საჯარო სერვისები ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება. ეს ხალხი ჩემთან ერთად მონაწილეობს სწორედ ამ პრინციპის განხორციელებაში და მათ საჯაროდ ეკუთვნით მადლობა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ღონისძიების ბოლოს, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ ნოტარიუსთა პალატის მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ცნობისთვის, თეა წულუკიანის მიერ ნოტარიუსების დაჯილდოების ტრადიცია 2014 წელს, ნოტარიუსთა პალატის ახალი ბრენდის პრეზენტაციაზე დაიწყო. გასულ წელს ახალი ლოგოს ფორმის მოოქროვილი მედალიონები ოთხ ნოტარიუსს ნოტარიატის მიმართ განსაკუთრებული დამსახურებისთვის გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები