„ნუ მოჭრი ნაძვს“ – გიგლა აგულაშვილმა მოსახლეობას მიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, თემაზე: „ნუ მოჭრი ნაძვს“ სპეციალური ბრიფინგი გამართა.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებისა რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს განახორციელებს.
მათივე ინფორმაციით, სამინისტრო, მოსახლეობას ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში სპეციალურად გამოყვანილ ნაძვის ხეებს სთავაზობს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.
ამასთან, თუ ქმედება დაცული ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება.
კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე.
გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
“ნაძვის ხეების რეალიზაცია დასაშვებია, თუ იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში – ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები პრევენციულ ღონისძიებებს ე.წ. ცხელ წერტილებში – სახელმწიფო ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე, ქალაქის შემოსასვლელებთან და დასახლებულ პუნქტებში, ასევე საავტომობილო გზებზე განახორციელებს”,- აცხადებენ სამინისტროში.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, თავი შეიკავოს წიწვოვანი ნარგავების უკანონო რეალიზაციისგან. ხის უკანონო ჭრა დასჯადია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები