სემეკი წლის ბოლომდე ენერგეტიკის სექტორში 16 ტარიფის გადახედვას გეგმავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა, რომ სემეკი წლის ბოლომდე ენერგეტიკის სექტორში 16 ტარიფის გადახედვას გეგმავს.
კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას დღეს 2015 წლის საქმიანობის შემაჯამებელი მოკლე ანგარიში წარუდგინა.
ირინა მილორავას თქმით, კომისია გეგმავს 16 ტარიფის გადათვლას. საუბარია ელექტროენერგიის გადამცემი კომპანიების ტარიფის გადათვლაზე. კერძოდ, მილორავას განცხადებით, საქმე ეხება “სახელმწიფო ელექტროსისტემისა” და “ენერგოტრანსის” ტარიფებს. ასევე მოხდება “ენერგო პრო ჯორჯიას” განაწილებისა და მოხმარების ტარიფის გეგმური გადახედვაც.
“კომისია გეგმავს ტარიფების ყოველწლიურად გადახედვას, რათა ვიცოდეთ, რა მდგომარეობაში არიან კომპანიები, როგორ ასრულებენ საინვესტიციო გეგმას და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ამდენად, ტარიფების ეს გადახედვა გეგმურია”, – აღნიშნა ირინა მილორავამ.
მისივე თქმით, სამომხმარებლო ტარიფი ცალკეული ტარიფების გადახედვის შედეგად დგინდება.
“მომავალ წელს ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავიწყებთ ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გადახედვას და ასევე “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ტარიფის გადახედვისთვისთვის კონკრეტულ საქმიანობასაც. ეს არ იქნება მარტივი პროცესი. ამ კომპანიებში რეგულირებადი აქტივობების ბაზა უნდა შემოწმდეს. ბუნებრივი აირის სექტორში, “სოკარის” კომპანიების შემთხვევაში, ეს უკვე განხორციელდა და იგივე იქნება გასაკეთებელი “წყალმომარაგების კომპანიასთან” დაკავშირებითაც. წინასწარ შეუძლებელია განისაზღვროს, გამოიწვევს თუ არა ტარიფების გადათვლა სამომხმარებლო ტარიფების გაზრდას”, – აღნიშნა ირინა მილორავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები