პატრიარქი: შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია დასრულდა. ქადაგების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, წმ. ნიკოლოზი საქართველოს და ქართველი ერის დიდი მფარველია და მას “ყოველთა ქართველთა დიდი კათალიკოსი” უწოდეს.
უწმინდესის თქმით, წმინდა ნიკოლოზი თავისი სიყვარულით, მოწყალებით გამორჩეულია და განსაკუთრებით გაჭირვებულებს ეხმარება. უწმინდესმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ წმინდა ნიკოლოზის ეპისკოპოსად არჩევა და მთელი მისი ცხოვრება სასწაულებრივი იყო. პატრიარქის თქმით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც წმინდა ნიკოლოზის ხატთან გულით ილოცებს და მღვდელთმთავარი მას არ შეეწიოს.
“დღეს შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო”, – განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, გარკვეული პერიოდი ის ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მსახურებდა და მრავალი სასწაული უნახავს მისგან.
მსახურების ბოლოს უწმინდესმა მღვდელთმთავარი ანდრია დეკანოზის ხარისხში აიყვანა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
“მრავალ ნიკოლოზობას დაგასწროთ ღმერთმა და ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენდეთ”, – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები