თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას რამდენიმე თვე სჭირდება

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პროცესის დასრულებას რამდენიმე თვე სჭირდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ შენგენის ზონის თითოეულმა სახელმწიფომ თავიანთ კანონმდებლობაში და პრაქტიკაში ასახონ ის, რაც დღეს ევროკომისიის ანგარიშით ითქვა.
„ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები წავლენ და იქ საცხოვრებლად დარჩებიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ 180 დღეში, მაქსიმუმ 90 დღით ყველას შეეძლება წავიდეს. ეს მაქსიმუმი ვადაა, ჯამში სამი თვე უნდა იყოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის მისაღებად კონკრეტული ვადები საქართველოზე არ არის დამოკიდებული.
„მოლდოვას საშუალოდ ექვსი თვე დასჭირდა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასკვნა, რომელიც წინასწარ ვიცოდით რომ პოზიტიური იყო, 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა გამოაქვეყნეს დღეს. ეს ვადები ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუმცა ფაქტია, რომ გაისად ეს უნდა მოხდეს. ამას დასჭირდება სამი თვე, ოთხი თუ ექვსი, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – განმარტა იუსტიციის მინისტრმა.
„სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ საქართველოს მიერ შესრულების შესახებ მიმდინარე ანგარიში ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოცდილების გათვალისწინებით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას დაახლოებით, ოთხი-ხუთი თვე დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები